"მითოლოგიური" კომპლექსი

ოიდიპოსის კომპლექსი

   
   

ოიდიპოსის კომპლექსი ესაა კლასიკური ფსიქოანალიზის ერთ–ერთი ძირითადი ცნება. ეწოდა ძველბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის – ოიდიპოსის სახელის მიხედვით, რომელმაც მამა მოკლა და დედა ცოლად შეირთო ისე, რომ ამგვარი ცოდვის ჩადენა ფიქრადაც კი არ გაუვლია. ო.კ. გულისხმობს ადრეული ბავშვობის პერიოდის არაცნობიერი ლტოლვების ერთიანობას, დაკავშირებულს მშობლებისადმი ბავშვის ამბივალენტურ (გაორებულ) დამოკიდებულებასთან – მას ერთდროულად კიდეც უყვარს და კიდეც სძულს თითოეული მათგანი; მათი სიკვდილი სურს, თან თავისი (არაცნობიერი) სურვილების გამო დასჯის ეშინია. გოგონებთან ო.კ.–ს კ.გ. იუნგმა ელექტრას კომპლექსი უწოდა. იუნგისაგან განსხვავებით, ფროიდი ამჯობინებდა ო.კ.–ის ცნების გამოყენებას, რადგან, სქესისგან განურჩევლად, მას 
უნივერსალურად მიიჩნევდა.


www.secondlifewithpixieblonde.files.wordpress.com


ამ ორ კომპლექსს შორის განსხვავებას ფროიდი მხოლოდ განვითარების ხასიათში ხედავდა. თანამედროვე ფსიქოანალიზურ მეცნიერებაში ტერმინი „ელექტრას კომპლექსი“ იშვიათად გამოიყენება; უფრო ხშირად ო.კ.–ის ცნებას მიმართავენ. ო.კ. ინდივიდში იწვევს დანაშაულის გრძნობას, რომელსაც იგი არაცნობიერ სფეროში კონფლიქტამდე მიჰყავს. კონფლიქტის დაძლევა ხდება თავისივე სქესის მშობელთან იდენტიფიკაციით. კასტრაციის საფრთხეს და თავისი ინცესტური ლტოლვების გამო შესაძლო დასჯის შიშს ბიჭი მიჰყავს ო.კ.–ის ზიზღთან, ამ კომპლექსთან დაკავშირებული ეროტიკული ლტოლვები დესექსუალიზდება, სუბლიმირდება ანუ გადაირთვება სოციალურად მისაღებ მიზნებში. ამ პროცესის იდეალური განხორციელების შემთხვევაში ო.კ. ინგრევა და ქრება. მისი დაღუპვის პროცესში მშობელთა გარეგანი ავტორიტეტი თითქოს ბავშვის ფსიქიკაში შედის და მის შინაგან მიღწევად იქცევა, რასაც მნიშვნელოვანი ფსიქიკური ინსტანციის – სუპერ–ეგოს წარმოშობა მოჰყვება. ასე ხდება სუპერ–ეგო. ო.კ.–ის მემკვიდრე. ამის შემდეგ სუპერ–ეგო მომზირალი თვალის ან დამსჯელი სინდისის როლში გამოდის და ადამიანში დანაშაულის განცდას იწვევს. თეორიულად, ეს კომპლექსი სრულად მაშინ დაიძლევა, როცა ადამიანი საპირისპირო სქესის მშობელს თავიდან აღმოაჩენს მომწიფებულ, ზრდასრულ სექსუალურ ობიექტში. ფროიდის თვალსაზრისით, ამ კომპლექსის საფუძველზე აღმოცენდება ინცესტის აკრძალვასა და შესაბამის ნორმებთან დაკავშირებული მთელი ადამიანური კულტურა. ო.კ.–ში თავს იყრის რელიგიის, ზნეობის, საზოგადოების, სოციალური ინსტიტუტებისა და ხელოვნების საწყისები.






მედეას კომპლექსი ქართულ სინამდვილეში 

“მწარედ დავტირი იმას, რაც უნდა ჩავიდინო: მე თვითონ უნდა დავხოცო ჩემი შვილები, ვერავინ დაიხსნის საბრალოთ. და როცა მიწასთან გავასწორებ იასონის სახლ-კარს, აქედან გადავიხვეწები, ჩემი საყვარელი შვილების მკვლელი, საზარი საქმისთვის შეჩვენებული”

(ევრიპიდე, “მედეა”,787-789)

ტერმინი “მედეას კომპლექსი” ფსიქიატრიაში 1947 წელს ედვარდ ს. შტერნმა დაამკვიდრა. ამ დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება არის “დედის მიერ თავისი შთამომავლების სიკვდილის სურვილი, ჩვეულებრივ, მამისთვის შურის ძიების მიზნით გამოწვეული”. თუმცა შვილის მოკვდინების სურვილი მხოლოდ ფსიქიურად დაავადებულ ქალებს არ აქვთ. თანამედროვე კრიმინალისტიკაში არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ქალი ქმარზე შურისძიების მიზნით საკუთარ შვილებს ხოცავს. შესაბამისად, ეს ტერმინი შეიძლება განვავრცოთ და ზოგადად შვილის მკვლელი დედის შემთხვევაში გამოვიყენოთ.

საქართველოში “მედეას კომპლექსი” ძალზე გავრცელებულია, ოღონდ არა შტერნისეული ვერსია, არამედ მისი ქართული ინტერპრეტაცია - დედა არა ფიზიკურად, არამედ მორალურად კლავს შვილებს.




ყველას გსმენიათ, ალბათ, ამბავი კოლხი მედეას შესახებ. მითის თანახმად, კოლხ ჯადოქარს, აიეტის ქალიშვილს მედეას ბერძენმა არგონავტმა იასონმა თავი შეაყვარა, მისი დახმარებით კოლხეთის სიმბოლო - ოქროს საწმისი გაიტაცა და მედეაც თან, კორინთოსში გაიყოლა. ეს მითი სრულიად ბანალური იქნებოდა, რომ არა ევრიპიდესეული გენიალური ინტერპრეტაცია. ევრიპიდე მითის გაგრძელებას ყვება. მას არ აინტერესებს არც იასონის კოლხეთში მოგზაურობა, არც ოქროს საწმისის მოტაცების თუ/ან უკან დაბრუნების ისტორია. იგი ამბის მოყოლას იმ მომენტიდან იწყებს, როდესაც იასონსა და მედეას ურთიერთობები უფუჭდებათ. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.


ტრაგედია იმის განცხადებით იწყება, რომ იასონმა გადაწყვიტა მედეას მიტოვება (რომელთანაც უკვე ორი საკმაოდ მოზრდილი შვილი ჰყავს) და კორინთოსის მეფის ქალიშვილზე დაქორწინება. იასონი თავის საქციელს იმით ხსნის, რომ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი სტატუსის ამაღლება და რომ ეს მომავალში მის შვილებსაც გამოადგებათ - მათი მომავალი და-ძმა ხომ კორინთოსის მმართველები იქნებიან. მედეა შეურაცხყოფილია. მედეა არ ეპუება ქმრის გადაწყვეტილებას. მედეა იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის. იგი ახსენებს იასონს, რამდენი რამ აქვს გაკეთებული მისთვის, რომ სწორედ მას შესწირა საკუთარი სიცოცხლე, თუმცა იასონი ცოლის მოთქმას ყურადღებას არ აქცევს. იასონი თხოვს მედეას, სახლიდან წავიდეს. მედეა გადაწყვეტს შური იძიოს მოღალატე ქმარზე - იგი ჯერ შვილების ხელით მოწამლულ საჩუქარს უგზავნის იასონის ახალ რჩეულს და მასაც და მამამისსაც კლავს, ხოლო შემდეგ საკუთარ შვილებსაც გამოასალმებს სიცოცხლეს. ასე დაისაჯა იასონი ღალატისთვის.


მიუხედავად იმისა, რომ ევრიპიდეს ეს ტრაგედია მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა, მისი პრობლემატიკა დღესაც ძალზე აქტუალურია. განსაკუთრებით საქართველოში. შევეცადოთ გადმოვიტანოთ მედეასა და იასონის ისტორია ჩვენს რეალობაში.


მედეს უყვარდება იასონი და მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, მას ცოლად მიყვება. მათ შვილები უჩნდებათ. მედეა უარს ამბობს"კარიერაზე" (რომელიც, სავარაუდოდ, ისედაც არ ექნებოდა) და თავს ოჯახს - ქმარსა და შვილებს სწირავს: ჯერ ბავშვების ძიძებიო, მერე ბაღიო, მერე სკოლა, ინგლისურზე ტარება, თანაც სადილების კეთება და იასონის მოვლა. ამასობაში დრო გადის, ქალი ასაკში შედის და ისეთი ლამაზი და სასურველი აღარ არის, როგორც ადრე. იასონი კრიზისულ ასაკშია, საკუთარი ცოლით და ყოფითი პრობლემებით გადაიღალა, დაბალ თანამდებობაზე მუშაობაც მობეზრდა. ერთ-ერთ წვეულებაზე დირექტორის ქალიშვილს გაიცნობს და შეუყვარდება. გადაწყვეტს მედეა მიატოვოს და დირექტორის ქალიშვილი შეირთოს - ასე ის ხომ ორ კურდღელს დაიჭერს, თან სამსახურში დააწინაურებენ და თან ახალგაზრდა ცოლიც ეყოლება. მედეა შეურაცხყოფილია. მედეა არ ეპუება ქმრის გადაწყვეტილებას. მედეა იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის. იგი ახსენებს იასონს, რამდენი რამ აქვს გაკეთებული მისთვის, რომ სწორედ მას შესწირა საკუთარი სიცოცხლე, თუმცა იასონი ცოლის მოთქმას ყურადღებას არ აქცევს. იასონი თხოვს მედეას, სახლიდან წავიდეს. მედეა გადაწყვეტს შური იძიოს მოღალატე ქმარზე…


როგორც ხედავთ, ამ მომენტამდე ყველაფერი ევრიპიდეს სქემით მიდის. მხოლოდ ჟანრი შეიცვალა - ტრაგედიიდან მელოდრამაში გადავინაცვლეთ. ჩვენ კი (ქალებს) ტრაგედია გვინდა, ნამდვილი ტრაგედია! რა ვქნათ? მართლა შვილებს ხომ არ დავხოცავთ? მამაზე გაბრაზებულები ისედაც უფრო ხშირად ვცემთ მათ, ვიდრე ადრე. რამე უნდა მოვიფიქროთ, ევრიპიდეს ტრაგედიის ფინალის მსგავსი… და, აი, გამოსავალიც: ჩვენ, რასაკვირველია, შვილებს სიცოცხლეს ვერ გამოვასალმებთ, თუმცა შეგვიძლია ისინი მამისთვის მოვკლათ: მამას შვილებს აღარ ვაჩვენებთ! ასე დავსჯით თანამედროვე იასონს ღალატისთვის.



თუმცა, არის კი ეს მოღალატე ქმრისთვის სასჯელი და ვინ ხდება ამ შემთხვევაში ნამდვილი მსხვერპლი?



შემთხვევა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ბანალურია და საქართველოში ძალიან ხშირად ხდება - ქმრისგან მიტოვებული ქალების გარკვეული ნაწილი ცდილობს შვილების საშუალებით იძიოს შური ქმარზე და ამიტომ ბავშვების მამისთვის"არჩვენების", "არგატანების" და ა.შ. ხერხს მიმართავს. რა შედეგი მოყვება ამას?"სასოწარკვეთილი" მამა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობს დაარწმუნოს ყოფილი ცოლი გადაწყვეტილების აბსურდულობაში, ახსენებს მას თავის უფლებებს ბავშვებზე, თუმცა არასდროს მიმართავს ამისთვის სასამართლოს - მოსამართლის/შუამავლის როლს ამ შემთხვევაში, როგორც წესი, მისი საკუთარი დედა, ანუ დედამთილი იღებს თავის თავზე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი რძლის მხარესაა, არ ამართლებს მის გადაწყვეტილებას, ჩამოაშოროს ბავშვები მამას (დედამთილს ყოველთვის აქვს იმედი, რომ მისი შვილი გონს მოეგება და სახლში დაბრუნდება, მაშინაც კი, როდესაც ამ უკანასკნელს მეორე ცოლთან უკვე სამი შვილი ყავს). დროთა განმავლობაში მამას ბეზრდება მავედრებლის როლში ყოფნა, ნელ-ნელა ეგუება ყოფილი ცოლის ახირებას, ახალ ცოლთანაც უჩნდება შვილები, მისი მამობრივი ინსტინქტები (თუკი ასეთი საერთოდ გააჩნია) დაკმაყოფილებულია და წყვეტს შვილებისთვის ბრძოლას. დედის მიერ მამისთვის მოგონილი"სასჯელი" კი შვილებზე გადადის - ბავშვები რჩებიან უმამოდ, დამარცხებული დედის ამარა.


იმისათვის, რომ დამედგინა, რა მოტივით “უკლავს” ყოფილი ცოლი ყოფილ ქმარს შვილებს, რამდენიმე მიტოვებულ ქალს გავესაუბრე. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი პასუხები თითქმის იდენტურია: მოღალატე კაცი არ არის შვილების ღირსი; თუ კაცი სხვა ქალის გამო შვილებს ტოვებს (სწორედ “შვილების მიტოვებად” არის აღქმული კაცის სხვა ქალთან წასვლა), ე.ი. მას შვილები არ უნდა და ბოლოს, “რატომ უნდა იაროს ჩემმა შვილმა ვიღაც კახპას (იგულისხმება მეორე ცოლი) სახლში”. სხვათაშორის, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალი მართალია ქმარს არ უკრძალავს შვილის ნახვას, მაგრამ კატეგორიულად წინააღმდეგია შვილის კონტაქტისა ქმრის მეორე ცოლთან. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში უკვე “დედის კომპლექსი” (დავარქვათ ასე) ამუშავდება ხოლმე - როგორც ცოლი ხომ ჩამანაცვლეს და მეშინია, როგორც დედაც არ ჩამანაცვლონ.




მკითხველი შეიძლება შემეკამათოს იმაში, რომ მსგავს “სასჯელს” განქორწინებული ქალები მარტო საქართველოში არ მიმართავენ. როგორც ცნობილია, სხვა ქვეყნებშიც ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელს ბავშვების ნახვა ეკრძალება. განსხვავება მხოლოდ ერთ დეტალშია. ჯერ ერთი, ამას სასამართლო წყვეტს. მეორეც, სასამართლო ართმევს მშობელს შვილებზე მეურვეობის უფლებას, თუკი მშობელი ან მანიაკია, ან ფსიქიურად გაუწონასწორებული, ან არ აქვს საკმარისი მატერიალური რესურსი (ბინა, ხელფასი და ა. შ.)იმისთვის, რომ შვილებს შესაბამისი გარემო შეუქმნას. ამ შემთხვევაშიც კი მას სასამართლო უტოვებს უფლებას გარკვეული პერიოდულობით (ზოგჯერ სოციალური აგენტის თანდასწრებით) მოინახულოს საკუთარი შვილები. არა მგონია, რომელიმე სასამართლო უკრძალავდეს კაცს შვილების ნახვას მხოლოდ იმიტომ, რომ მან სხვა ქალთან წასვლა გადაწყვიტა.


შესაძლოა, მკითხველს ეს სტატია ტენდენციურად მოეჩვენოს, თუმცა იგი სულაც არ არის მისოგინური და მისი ავტორი ქალთმოძულე. პირიქით, მე ყოველთვის ქალების მხარეს ვარ, მაშინაც კი, როდესაც ისინი ტყუიან. უბრალოდ ვისურვებდი, რომ “სასჯელის” ფორმა შეიცვალოს: მამებს კი არ ავუკრძალოთ ბავშვების ნახვა, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ინტენსიური სახე მივცეთ მათ ურთიერთობას. მეტიც, ქორწილშიც გავუშვათ, თაფლობის თვეშიც გავატანოთ და მარტო შაბათ-კვირის პაემნებს არ დავჯერდეთ. ნუ ავაცილებთ მამას შვილების აღზრდის პასუხისმგებლობას და ნუ ავიღებთ ამ ტვირთს მხოლოდ საკუთარ თავზე. ნუ გავხდებით “მედეას კომპლექსის” მსხვერპლნი, მიუხედავად იმისა, რომ მედეასთან გარკვეულწილად გენეტიკური სიახლოვეც გვაკავშირებს. ბერძნულ მითოლოგიაში ხომ იმდენი მისაბაძი ქალია - მაგალითად, მშვენიერი ელენე. მონახეთ ვინმე თქვენს ყოფილ ქმარზე უფრო ახალგაზრდა და მზრუნველი და გადაეშვით მასთან ერთად ახალ თავგადასავლებში. თქვენც მოისვენებთ და ბავშვებიც მშვიდად იქნებიან.


/ლაშა ბუღაძე /

www.azrebi.ge